სხეული და შფოთვა: ნელი სუნთქვა და კუნთების მოდუნება
მონახაზი — ტექსტი სპეციალისტს ჯერ არ დაუმტკიცებია.
შფოთვა მხოლოდ აზრი არ არის — ის სხეულშიც იგრძნობა: გული აჩქარდება, სუნთქვა ხშირი და ზედაპირული ხდება, კუნთები იჭიმება. ეს სხეულის ჩვეულებრივი რეაქციაა საფრთხეზე — მაშინაც, როცა ნამდვილი საფრთხე არ არის.
ორი სავარჯიშო ამ სხეულებრივ ნაწილთან მუშაობს.
ნელი სუნთქვა. ჩაისუნთქე ცხვირით, ნელა; ამოისუნთქე კიდევ უფრო ნელა — ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე გრძელი უნდა იყოს. რამდენიმე წუთი. საიტზე არის სავარჯიშო „ნელი სუნთქვა“, რომელიც ტემპს გიწყობს.
კუნთების თანდათანობითი მოდუნება. კუნთების ჯგუფებს სათითაოდ დაჭიმავ და მოადუნებ:
- მუშტები — 5 წამი დაჭიმე, მერე მოადუნე და 10–15 წამი დააკვირდი სხვაობას;
- მკლავები, მხრები, სახე, მუცელი, ფეხები — იგივე წესით;
- ბოლოს რამდენიმე წამი მშვიდად ისუნთქე.
დაჭიმვა ზომიერი უნდა იყოს — ტკივილამდე არა. თუ რომელიმე ადგილას ტკივილი ან ტრავმა გაქვს, ის გამოტოვე.
ორივე სავარჯიშო ვარჯიშს საჭიროებს: მშვიდ დროს ივარჯიშე, რომ რთულ წუთს უფრო ადვილად გაიხსენო. ისინი სხეულის დაძაბულობას ეხება და არა შფოთვის მიზეზს — CBT-ში მიზეზთან აზრების შემოწმებით (აზრების ჩანაწერი) და თავის არიდებასთან მუშაობით (შიშის კიბე) მიდიან.
თუ სუნთქვისას თავბრუ გეხვევა, შეწყვიტე და ჩვეულებრივად ისუნთქე. თუ ძლიერი შფოთვა ან პანიკური შეტევები ხშირია, სპეციალისტთან საუბარი ღირს.
სცადე: სად გრძნობ შფოთვას?
შეეხე სხეულის ნაწილს და ნახე, რა შეიძლება იგრძნო იქ და რატომ. არაფერი ინახება.
თავი
რა შეიძლება იგრძნო: თავბრუსხვევა, „ბურუსი“, სიმძიმე.
რატომ: შფოთვისას სუნთქვა ხშირდება და ზედაპირული ხდება — ამან შეიძლება თავბრუ დაგახვიოს.
მხრები და ყბა
რა შეიძლება იგრძნო: დაჭიმული მხრები და კისერი, მოკუმული ყბა.
რატომ: სხეული „საფრთხისთვის“ ემზადება და კუნთებს ჭიმავს. დიდხანს დაჭიმული კუნთი შეიძლება ასტკივდეს.
გული და მკერდი
რა შეიძლება იგრძნო: აჩქარებული გული, მკერდში სიმძიმე, თითქოს ჰაერი არ გყოფნის.
რატომ: სხეული მოქმედებისთვის ემზადება — გული უფრო სწრაფად ცემს და სუნთქვა ჩქარდება.
მკერდის ტკივილს სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს. თუ ახალია, ძლიერია ან არ გადის — მიმართე ექიმს.
მუცელი
რა შეიძლება იგრძნო: „პეპლები“, შეკუმშვა, გულისრევა.
რატომ: საფრთხის განცდისას სხეული საჭმლის მონელებას „უკანა პლანზე“ სწევს.
ხელები
რა შეიძლება იგრძნო: ოფლიანობა, კანკალი, სიცივე ან ჩხვლეტა.
რატომ: სისხლი მსხვილი კუნთებისკენ მიედინება, თითები კი შეიძლება გაცივდეს.
ფეხები
რა შეიძლება იგრძნო: სისუსტე, „ბამბის ფეხები“ ან პირიქით — წასვლის სურვილი.
რატომ: სხეული ემზადება, რომ გაიქცეს ან დადგეს — ესაა „იბრძოლე ან გაიქეცი“ რეაქცია.
ეს სხეულის ჩვეულებრივი რეაქციაა საფრთხის განცდაზე: უსიამოვნოა, მაგრამ თავისთავად სახიფათო არ არის. ახალ ან ძლიერ სიმპტომზე ექიმთან გადამოწმება ყოველთვის სწორია.
ნელი სუნთქვის ცდაიდეა: Nummenmaa და სხვ., 2014 (PNAS) — „სხეულის რუკები“ ჯგუფის საშუალოა; ყველა ადამიანი ერთნაირად არ გრძნობს.