განწყობა და საქმე: ქცევითი აქტივაცია
მონახაზი — ტექსტი სპეციალისტს ჯერ არ დაუმტკიცებია.
როცა ადამიანი დიდხანს დაბალ განწყობაზეა, ხშირად თანდათან წყვეტს იმ საქმეებს, რაც ადრე სიამოვნებას ან კმაყოფილებას ანიჭებდა: მეგობრებთან შეხვედრას, სეირნობას, ჰობის. „ძალა არ მაქვს“, „არაფერი მიხარია“ — და საქმე იდება.
ნაკლები საქმე კი ნაკლებ კარგ მომენტს ნიშნავს, და განწყობა ამით შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს. ასე იკვრება წრე:
- განწყობა ეცემა;
- ნაკლებს აკეთებ;
- ნაკლები კარგი მომენტია;
- განწყობა შეიძლება კიდევ დაეცეს.
CBT-ში ამ წრესთან მუშაობას ქცევით აქტივაციას უწოდებენ. იდეა ასეთია: ნუ ელოდები, სანამ სურვილი დაბრუნდება — ჯერ პატარა საქმე გააკეთე და მერე ნახე, როგორ იმოქმედა.
როგორ:
- აირჩიე პატარა და კონკრეტული საქმე: „15 წუთს გავისეირნებ ეზოში“ და არა „უფრო აქტიური ვიქნები“;
- დაგეგმე, როდის გააკეთებ;
- წინასწარ შეაფასე, რამდენად სასიამოვნო იქნება (0–10);
- გაკეთების შემდეგ შეაფასე ორი რამ: რამდენად სასიამოვნო იყო და რამდენად იგრძენი, რომ რაღაც შეძელი.
ორი შეფასება იმიტომ, რომ ზოგი საქმე სასიამოვნო არ არის, მაგრამ მისი გაკეთება კმაყოფილებას გაძლევს — მაგალითად, ჭურჭლის დარეცხვა ან დიდი ხნის გადადებული ზარი. ორივე მნიშვნელოვანია.
შეადარე მოლოდინი და შედეგი. თუ ხშირად აღმოჩნდება, რომ საქმე უკეთესი იყო, ვიდრე ელოდი, ეს შენი განწყობის შესახებ გეუბნება რაღაცას: დაბალ განწყობაზე წინასწარი შეფასება შეიძლება ზედმეტად მუქი იყოს.
თუ ვერ შეძელი, ეს წარუმატებლობა არ არის — საქმე ზედმეტად დიდი იყო. აირჩიე უფრო პატარა.
ამის გაკეთება შეგიძლია სავარჯიშოში „აქტივობები“, დღის განწყობის ჩაწერა კი — „განწყობის დღიურში“. თუ განწყობა ხშირად დაბალია, შეავსე PHQ-9 — მოკლე კითხვარს, რომლის შედეგის მიხედვითაც გეტყვით, ღირს თუ არა სპეციალისტთან საუბარი.
სცადე: ორი წრე
ერთი და იგივე ადამიანი, ერთი და იგივე დაბალი განწყობა. რა ხდება, როცა საქმეს წყვეტს, და რა — როცა პატარა ნაბიჯს დგამს.